თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად 807 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი და 5,5 ათასი აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატი გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7,8 ათასი ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით დაჯარიმდა.
საქმის მასალები (ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართ) შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.