საქართველოს პირველმა პირებმა ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი გულწრფელი და თავგანწირული ბრძოლით, თავისი ხალხისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულით.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ წარმატებული ქართველი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო. ასეთი გამორჩეული პატრიოტის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს", – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემაც.
„ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა. ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს", - ნათქვამია ივანიშვილის სამძიმრის წერილში, რომელიც მმართველმა პარტიამ გაავრცელა.
ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლის არჩევნებზე.
პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი". ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია "ახალი მემარჯვენეები".
ლევან გაჩეჩილაძე
2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი "მემარჯვენეების" სიით.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი "ახალი მემარჯვენეები".
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.
2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)".