საქართველოს ევროკავშირის წევრობით აშანტაჟებენ - პრემიერი

ევროპელი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ საქართველოში სიძულვილის გასაღვივებლად, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ევროპამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით შანტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე, თუმცა კვლევები ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას ინტეგრაციისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიის მიერ მომზადებული „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში“ აჩვენებს, რომ საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას მთელი რიგი მიმართულებით უსწრებს. დოკუმენტი ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა.
„2022 წელს ჩვენ ვთქვით უარი ომში ჩართვაზე და ამის შემდეგ დაიწყო აბსოლუტურად გაუგონარი შანტაჟი. ჯერ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამის შემდეგ უკვე მერამდენედ აღიარეს, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ საქართველოში სიძულვილის გასაღვივებლად.
„არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი, და თქვენ ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის ასოცირება“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო მზადაა უპასუხოს ევროპის ყველა შეკითხვას, მაგრამ ევროპული ბიუროკრატია თავს არიდებს ამას.
„ხედავთ, რომ დღემდე ევროპული ბიუროკრატია თავს არიდებს ამგვარ ჯანსაღ დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად ჯანსაღი კანონები, გადავდგით აბსოლუტურად ჯანსაღი ნაბიჯები, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ სამართლის უზენაესობას და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, არავის ვაძლევთ საშუალებას, რომ გარედან შეცვალონ ხელისუფლება, მოგვიწყონ რევოლუციები, ჩაერიონ ჩვენს არჩევნებში“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.