გახარიას პარტია და „ლელო“ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ

ოპოზიციურმა პარტიებმა „გახარია - საქართველოსთვის“ და „ლელომ“ წინა თვეში საარჩევნოდ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა „გახარია - საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ გენმდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.
ადგილობრივი სათათბირო ორგანოს - საკრებულოს არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. საკრებულოს არჩევნები 64 მუნიციპალიტეტიდან თითოეულში ცალ-ცალკე იმართება. საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ როგორც პარტიული სიებით, ისე მაჟორიტარული სისტემით - თითოეულ საარჩევნო ოლქში კანდიდატებისთვის ხმის მიცემით. პრემიერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებენ.
ირაკლი კუპრაძის წარდგენა რიყის პარკში შედგა. ის ალეკო ელისაშვილლა წარადგინა.
„გულწრფელად გეტყვით, რთული პასუხისმგებლობაა, რომელიც ორმა, ჩემი აზრით, მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად დამაკისრა. ეს იყო ისტორიული შეთანხმება, როდესაც ამ ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური ველი მიმართული იყო დაყოფისკენ, ჩვენ, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა და, მათ შორის, ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლეს და შევძელით ის, რომ გავაერთიანეთ ორი მნიშვნელოვანი საყრდენი ამ ქვეყანაში - ბრძოლისა და დემოკრატიის საყრდენი“, - განაცხადა მან.
ოპოზიციურმა პარტიებმა „გახარია - საქართველოსთვის“ და „ლელომ“ წინა თვეში საარჩევნოდ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. „ერთად დავიბრუნოთ საქართველოს ქალაქები და სოფლები!“ - ასეთია პარტიების საერთო ლოზუნგი 4 ოქტომბრის არჩევნებზე.
მმართველი პარტიიდან მესამე ვადით იყრის კენჭს მოქმედი მერი კახა კალაძე. კიდევ ერთი კანდიდატი წარადგინეს „კონსერვატორებმა საქართველოსთვის“. ეს ზურაბ მახარაძეა.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: "თავისუფლების მოედანი", "ხალხისთვის", "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", "ფედერალისტები".
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას "ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც "არალეგიტიმურს" უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.