მსოფლიო დღეს

პუტინის და ტრამპის შეხვედრა - მთავარი

პუტინმა და ტრამპმა დღეს ალასკაზე მოლაპარაკებები გამართეს, შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდის იმედი აქვს, განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა ალასკაში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სახელმწიფო მეთაურებმა მოლაპარაკებები ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გამართეს, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარდგნენ. მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტებმა რამდენიმე განცხადება გააკეთეს, შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, დაასრულეს პრესკონფერენცია და ჟურნალისტები კითხვებზე პასუხების გარეშე დატოვეს.
რუსეთისა და ამერიკის სამიტი ალასკაზე
დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ალასკაში გამართულ შეხვედრას ძალიან პროდუქტიული უწოდა. ამავდროულად, ტრამპმა დასძინა, რომ მხარეებმა უკრაინის კრიზისის დასრულებაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„ძალიან ღრმა და, გეტყვით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ბევრ, ბევრ პუნქტზე შევთანხმდით. მათი უმეტესობა, ვიტყოდი, ერთი-ორი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, თუმცა გარკვეულ პროგრესს ვხედავთ“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ მოლაპარაკებებში ამ ეტაპზე მაქსიმუმია მიღწეული: „სხვა ურთიერთგაგებას ჯერ კიდევ ვერ ვაღწევთ“.
„დღეს ჩვენ ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ. მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან, ვლადიმერთან“, - თქვა ტრამპმა.
სუფთა ფურცლიდან
მოსკოვმა და ვაშინგტონმა ფურცელი უნდა გადაშალონ და თანამშრომლობა განაახლონ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ზოგადად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა (რუსეთმა და აშშ-მ - რედ.) ფურცელი გადაშალონ და თანამშრომლობას დაუბრუნდნენ“, - განაცხადა პუტინმა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ორი ზესახელმწიფოს ლიდერები ოთხ წელზე მეტია არ შეხვედრიან ერთმანეთს, ეს კი დიდი დროა.
რუსეთისა და ამერიკის სამიტი ალასკაზე
„რუსეთ-ამერიკის სამიტები ოთხ წელზე მეტია არ ჩატარებულა - ეს დიდი პერიოდია, გასული პერიოდი ძალიან რთული იყო“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს ერთმანეთისთვის ბევრი რამე აქვთ შესათავაზებელი როგორც ეკონომიკურ, ასევე ტექნოლოგიურ სფეროში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
„რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ერთმანეთისთვის ბევრი რამ აქვთ შესათავაზებელი ვაჭრობაში, ენერგეტიკაში, ციფრულ სფეროში, მაღალ ტექნოლოგიებსა და კოსმოსის ათვისებაში“, - თქვა პუტინმა.
უკრაინის გარშემო არსებული ვითარება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ხედავს აშშ-ის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის სურვილს, ხელი შეუწყონ უკრაინის კრიზისის მოგვარებას. უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია კი ალასკის სამიტის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად იქცა.
„ჩვენი ქვეყანა გულწრფელად არის დაინტერესებული ამის (უკრაინის კონფლიქტის - რედ.) დასრულებით, მაგრამ ამავდროულად ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ უკრაინული კონფლიქტის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი“, - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას საუბრის სანდო ტონისთვის და მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა. პუტინის თქმით, მოლაპარაკებების დროს ორივე მხარემ გამოხატა შედეგის ორიენტირებული განწყობა.
რუსეთისა და ამერიკის სამიტი ალასკაზე
რუსეთი ეთანხმება, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მზადაა ამ მიმართულებით იმუშაოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიღწევის შესაძლებლობა საკმაოდ რეალურია.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიევსა და ევროპის დედაქალაქებში ხელს არ შეუშლიან დარეგულირების პროცესში გაჩენილ პროგრესს, არ მოაწყობენ პროვოკაციებს ან ინტრიგებს კულისებში, რათა გაჩენილი პროგრესი ჩაშალონ“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
ალასკაში სამიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიღწევა შესაძლებელია.
თავად მოლაპარაკებები პუტინსა და ტრამპს შორის 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. შეხვედრაზე რუსულ მხარეს ასევე წარმოადგენდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. ტრამპის გუნდს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.