ალიასკის სამიტმა აჩვენა, რომ უკრაინაში კონფლიქტის არიდება შესაძლებელი იყო - პაპუაშვილი

რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები 15 აგვისტოს ანკორიჯში გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამერიკის ლიდერ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, უკრაინაში კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები 15 აგვისტოს ანკორიჯში გაიმართა. მხარეებმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რამდენიმე პოზიციაზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.
„თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს. ამგვარი მოსაზრება ახალი არ არის. თუმცა, პრეზიდენტების შეხვედრაზე ეს ფორმალურადაც დადასტურდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში ითრევდნენ საქართველოს უცხოელი „მტერ-მოყვარეები“ და მათი ინტერესების მომსახურე ოპოზიციური პარტიები.
„დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რა იყო ამ გეგმის მიზანი - სახელისუფლებო კაბინეტებში დახვედროდათ ის ხალხი, ვინც "შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზე", "ბომბების წვიმაზე" და "ათი ათასი რუსი ჯარისკაცის აქ დაკავებაზე" უყოყმანოდ ეტყოდა თანხმობას და საქართველოს, გლობალური დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე, მორიგი კომბინაციისთვის გაწირულ პაიკად აქცევდა”,- წერს პაპუაშვილი.
შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან, კიდევ ერთი შეხვედრის იმედი აქვს. ის ასევე დათანხმდა, რომ შემდეგი შეხვედრა შესაძლოა მოსკოვში გაიმართოს.