თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში მომხდარი 42 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 34 წლის ნათია ხაჩატურიანს პროკურატურამ ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს ზუგდიდში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს განსაკუთრებული სისასტიკით დაზარალებულს დანით ათეულობით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მედია საზარელი მკვლელობის დეტალებზე
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 42 წლის ნათია აფხაზავაა, ის სოფელ ოდიშიდან იყო. წლები გერმანიაში ცხოვრობდა, გერმანელი მეუღლე და და ორი მცირეწლოვანი შვილი. ახლა შვილებთან ერთად ყოფილა საქართველოში ჩამოსული და ორ დღეში უკან უნდა დაბრუნებულიყო.
მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრობდნენ. ადგილობრივების თქმით, მოკლული ქალი ამ ოჯახის ნათესავია. მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი და ნათია აფხაზავა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.
თავდაპირველად საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, მოკლულის ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ.
რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი ფულია. როგორც მოკლულისა და ბრალდებულის ახლობლები ჰყვებიან, მოკლულ ქალს თანხა გამოუგზავნია ნათია აფხაზავასთვის, რათა ბათუმში მდებარე მისი ბინა გაერემონტებინა.