თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. უმნიშვნელოვანესი მომენტია, როდესაც ათწლეულების კონფლიქტი დასრულდა შეთანხმებით, რაც წაადგება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და მის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციასთან დაკავშირებით.
8 აგვისტოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ.
„ეს იყო დიდი ტვირთი, რომელიც ჩვენს რეგიონს აწვა და გავლენას ახდენდა ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ქვეყანაზე, საინვესტიციო მიზიდულობაზე და ა.შ. საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა", -აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებას კურირებდა ეუთოს ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი-ქვეყნები იყვნენ უმრავლესობით წარმოდგენილი, თუმცა, შესაბამის შედეგი ვერ იქნა მიღწეული.
„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო საკუთარი პოლიტიკური ნების და პოლიტიკური წონის გამოყენებით ამ კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში. ყველა ნაბიჯი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და რომელიც აჩერებს ომს, რა თქმა უნდა „დიფ სთეითის" შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც რომ „დიფ სთეითია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა როგორც აღნიშნა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირობა დადეს, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ყველა სახის საომარ მოქმედებებს, დაამყარებენ ორმხრივ ვაჭრობას და აღადგენენ დიპლომატიურ ურთიერთობებს.
ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შევიდნენ მათ ბაზრებზე და მზად არიან სხვადასხვა პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელონ.
ბაქომ და ერევანმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას და დოკუმენტურად დააფიქსირეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნა ორ რესპუბლიკას შორის: ის დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ანკლავთან - ნახიჩევანთან. ამიერიდან ზანგეზურის დერეფანმა "ტრამპის მარშრუტის" სახელწოდება მიიღო, მის მართვას კი სომხეთი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით განახორციელებს.