თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის ვახო ბედოშვილის რუსულ საფეხბურთო კლუბ „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“ გადასვლას, რის შესახებაც ცნობილი ამ დღეებში გახდა, სკანდალი მოჰყვა.
4 აგვისტოს „პარი ნიჟნი ნოვგოროდმა“ ახალი პერსპექტიული ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა - გუნდის რიგებს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახო ბედოშვილი შეუერთდა. ერთი შეხედვით, ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩვეულებრივი ტრანფერი იქნებოდა, რომ არა თბილისის „ორბის“ პრეტენზიები, სადაც ბედოშვილი თამაშობდა.
როგორც თბილისის კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ნახევარმცველმა გუნდი თვითნებურად დატოვა კონტრაქტის მიუხედავად, რომელიც 2026 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში.
ამასთან, კლუბის განმარტებით, „ორბი“ თითქმის მზად იყო ბედოშვილთან მიმართბით ერთ-ერთ ევროპულ კლუბთან გარიგების დასადებად, როდესაც შეიტყვეს, რომ ბედოშვილი რუსეთში გაემგზავრა.
„ჩვენ ფეხბურთელთან ერთად ერთ-ერთ ევროპულ კლუბთან შევათანხმეთ ტრანსფერისა და შრომითი ხელშეკრულების პირობები და კონტრაქტიც მზად იყო ხელმოსაწერად. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ფეხბურთელი წავიდა რუსეთში ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე და იმის მერე მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება საფეხბურთო კლუბ „ორბთან“ და რუსულ საფეხბურთო კლუბ „პარი ნიჟნი ნოვგოროგში“ გადავიდა“, - ნათქვამია „ორბის“ განცხადებაში.
თბილისის კლუბმა მუთითა FIFA-ს წესების პირდაპირ დარღვევაზე როგორც ფეხბურთელის, ისე რუსული კლუბის მხრიდან.
„შექმნილ ვითარებაში ჩვენ გადავწყვიტეთ, დავუკავშირდეთ FIFA-ს შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელისა და რუსული კლუბის წინააღმდეგ“, - აღნიშნეს „ორბში“.
თავის მხრივ, ნიჟნი ნოვგოროდის კლუბი მიიჩნევს, რომ ბედოშვილის ტრანსფერი კანონიერად, ყოველგვარი დარღვევების გარეშე განხორციელდა.
„FIFA-ს მიმართავს თუ არა, ეს „ორბის“ პირადი საქმეა. ვახო ბედოშვილის კონტრაქტში პირგასამტეხლოს თანხა ჰქონდა გაწერილი, რომელიც მის ყოფილ კლუბსა და „გარეჯს“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებაში იყო შეტანილი. სხვა კლუბებისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე დაინტერესებული იყვნენ ფეხბურთელით, ჩვენ ვიცოდით ასეთი პუნქტის არსებობის შესახებ და გამოსყიდვის ოფციით ვისარგებლეთ“, - განაცხადა რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრ უდალცოვმა.
ახალი კლუბის პრეს-სამსახურთან საუბარში ბედოშვილმა განაცხადა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში ბევრი ნათესავი ჰყავს და ადაპტაცია გაცილებით სწრაფად მოხდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში.
ვახო ბედოშვილი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. მან პროფესიული კარიერა თბილისის „ორბში“ დაიწყო და ასევე იჯარის საფუძველზე „გარეჯში“ თამაშობდა.
საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბედოშვილმა 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
როგორც ქართული მედია ადრე იუწყებოდა, ბედოშვილით რამდენიმე თურქული და პოლონური კლუბები იყვნენ დაინტერესებული.
ბედოშვილის კონტრაქტი ნიჟნი ნოვგოროდის კლუბთან სამ წელზეა გათვლილი.