პრეზიდენტი: ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს

ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰყავდა, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება გმირი ჯარისკაცები.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეროვნულ გმირებს, მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„მათი ხსოვნა მარადიულია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გმირი ჯარისკაცები, ჰყავს და მომავალშიც ეყოლება. ჩვენი ქვეყანა დღემდე რომ მოვედით, სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა. კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემა და დიდება მათ ხსოვნას. ჩვენ ყოველთვის ქედს მოვიხრით მათ წინაშე, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რა გააკეთეს და როგორი გმირები ჰყავს საქართველოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა.