„ლიბერალური ფაშიზმი“ და მისი მეთოდები: ხელისუფლება დამახინჯებული იდეოლოგიის წინააღმდეგ

„ლიბერალური ფაშიზმის“ იდეოლოგია აზრის თავისუფლების საფარქვეშ ხელს უწყობს ტყუილს, ყველა განსხვავებული აზრის მიუღებლობას, შეუწყნარებლობას და საზოგადოებაში განხეთქილებას თესავს, მიაჩნიათ საქართველოს მმართველი პარტიაში.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. „ლიბერალური ფაშიზმი“ დღეს კაცობრიობას ებრძვის და ამისათვის ერთნაირ მეთიდებისა და მიდგომებს იყენებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ასე გამოეხმაურა კალაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ადრე ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავდა, დღეს - შეზღუდვას და დევნას".
„ლიბერალური ფაშიზმის მიდგომები და მისი პოლიტიკა ერთფეროვანია. ყველგან ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ - როდესაც არასასურველ შედეგს იღებენ, მაშინვე შემოაქვთ რუსეთის თემის ნარატივი. პიარულად ფუთავენ სხვადასხვა საკითხს. რაც მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა არის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღეს კაცობრიობას ებრძვის“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეშფოთება გამოთქვა ევროპაში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული იდეოლოგიის გავრცელების გამო და მას მახინჯი და სერიოზული პრობლემების მომტანი უწოდა.
„ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება და ამისათვის მივიღეთ შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ამიტომ, ჩვენ აქ გვჭირდება მტკიცე პოზიციის გამოვლენა და პოზიციების დაცვა“, - განაცხადა პრემიერმა.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ლიბერალური ფაშიზმის“ ქვეშ მოიაზრება ტყუილი, სხვა აზრის სრული მიუღებლობა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება უცხოური დაფინანსების დახმარებით.
საქართველო და დასავლეთი
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.