თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცხელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თბილისში, ოზურგეთსა და სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 8,5 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 39 ათას ლარს აღმატება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.