ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: სამმა პირმა 20 მლნ ლარზე მეტი მიითვისა

სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
Sputnik
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დანაშაულის შენიღბვის მიზნით, აფხაზეთში მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ურთიერთშორის გაწერეს 151 მლნ ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციები და ჯართი, რა გზითაც შექმნეს დღგ-ის ყალბი აქტივი - ჯამში 20.336,923 ლარის ოდენობით.
„ბრალდებულთა მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილ იქნა დღგ - ჯამში 563.353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.