ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი საქართველოში ყველაზე სკანდალური გახდა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ამაღლობელის აქტიური მხარდაჭერის გამოც.
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებლისა და დირექტორ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. სილის გაწვნის ინციდენტი, ასევე ამაღლობელის შემდგომი დაკავება, პირდაპირ ეთერში ქართული ტელეარხებით გადაიცა.
დანაშაული, რომელიც ამაღლობელს ედება ბრალად, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი საქართველოში ყველაზე სკანდალური გახდა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ამაღლობელის აქტიური მხარდაჭერის გამოც.
მის გათავისუფლებას ითხოვენ როგორც ევროპარლამენტი, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მის სასამართლო პროცესს ევროპის ქვეყნების არაერთი ელჩიც კი დაესწრო.
ამაზე საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოში ნებისმიერი დანაშაული კანონით უნდა დაისაჯოს. მათი აზრით, არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც სამართალდამცველის მიმართ ძალადობა დაუსჯელი რჩება.
ამავდროულად, ხელისუფლება მზია ამაღლობელის საქმეში ნებისმიერ პოლიტიკურ ქვეტექსტს გამორიცხავს. ოპოზიცია კი ამაღლობელს პოლიტიკურ პატიმარად მიიჩნევს.
ვინ არის მზია ამაღლობელი?
ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს.
გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. დაკავების პროტესტის ნიშნად ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, რომელიც 38 დღე გაგრძელდა. ამ დროისთვის იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და განაჩენს ელოდება.
ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.