რეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო ვაჩნაძის ფონდი ავრცელებს.
„მწუხარებით გატყობინებთ რომ გარდაიცვალა ელდარ შენგელაია", - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ცნობილი ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძისა და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ვაჟი ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა.
ელდარ შენგელაიამ 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
შენგელაიამ შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო ფილმ-ზღაპრებით „ლეგენდა ყინულის გულზე“ და „თოვლის ზღაპარი“ (ორივე სურათი ა. სახაროვთან ერთად გადაიღო). 1963 წელს თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრების ამსახველი „თეთრი ქარავანი“ გადაიღო.
პირველი აღიარება რეჟისორს 1969 წელს გადაღებულმა „არაჩვეულებრივმა გამოფენამ“ მოუტანა. დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ფილმები „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომლებიც ქართული კინოს შედევრებად არის აღიარებული.
შენგელაიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება: კიევში ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის კინოფესტივალზე პრიზი „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“ (ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1969), კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1978), კინემატოგრაფიაში მიღწევებისთვის ფარაჯანოვის სახელობის პრემია (ერევანი, IX საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ატამი“, 2012), წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი (2009), შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია („ექსპრეს-ინფორმაცია“, 1994) და სხვ.
კინორეჟისორს 1988 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. ის ასევე ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს, რომელიც 2013 წელს გადაეცა, ასევე 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ელდარ შენგელაია ასევე ფლობდა შრომის წითელი დროშის ორდენს, ლენინის ორდენს და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს.