არჩევნები-2025: ვინ გაუწევს კონკურენციას კალაძეს

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე უკვე წარადგინა.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. პარტიებმა „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „საქართველოსთვის“ ჯერ ვერ შეარჩიეს თბილისის მერობის კანდიდატი, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებში დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძეს დაუპირისპირდება, განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით უსუფაშვილმა.
პარტიებმა ივლისში განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის ერთიანდებიან. მათი თქმით, თბილისის მერის პოსტზე ნეიტრალური კანდიდატი იქნება წარდგენილი. თუმცა, სახელისუფლებო მედია აქტიურად განიხილავს თემას, რომ თბილისის მერობის კანდიდატი „მოქალაქეების“ პარტიის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გახდება.
„20 კანდიდატი განვიხილეთ, ახლა 5-მდე ვართ ჩამოსულები. იმ 5-ში შეიძლება იყოს ალეკო ელისაშვილი. რატომაც არა?! შესაძლებელია იმ ბრძოლის ხასიათიდან გამომდინარე, რაზეც ახლა ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლა ჰქვია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი
ელისაშვილს უკვე აქვს კალაძესთან კონკურენციის გამოცდილება. 2017 წელს, როგორც ნეიტრალურმა კანდიდატმა, მან შეძლო მეორე ადგილის დაკავება და ოპოზიციური პარტიების კანდიდატები დაამარცხა. უსუფაშვილის თქმით, პარტია გადაწყვეტილებას 4 სექტემბრამდე მიიღებს.
„4 სექტემბერი ეს არის იურიდიული თარიღი, როდემდეც თუ ვინმეს უნდა დაასახელოს მერობის კანდიდატი, უნდა დაასახელოს. როდესაც ჩვენ ვამბობთ 4 სექტემბერს, არ ვამბობთ იმას, რომ 3 სექტემბერს, ღამის თერთმეტ საათზე გაცნობებთ კანდიდატს. ჩვენ ვამბობთ, რომ 4 სექტემბრამდე ეს პროცესი გრძელდება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, პარტია ამჟამად ამომრჩევლების აზრს სწავლობს და კონსულტაციებს სხვა პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მართავს.
ამავდროულად, უსუფაშვილმა გამორიცხა ის შესაძლებლობა, რომ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ თბილისის მერობის ნეიტრალურ კანდიდატზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ.
კახა კალაძე წარდგენაზე
ამასობაში, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე უკვე წარადგინა. კალაძე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად 5 აგვისტოს შემდეგ დაიწყებს.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.