თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა 10-12 დღემდე შეამციროს.
14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვს ულტიმატუმი წაუყენა და 3 სექტემბრამდე კიევთან შეთანხმების დადება მოითხოვა. როგორც მაშინ ტრამპმა განაცხადა, თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს.
„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი არ აქვს, როდესაც იცი, რა იქნება პასუხი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის თემა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთამ არაერთხელ განიხილა.
„ვფიქრობდით, რომ ყველაფერი მოვაგვარეთ. შემდეგ კი პრეზიდენტი პუტინი გამოდის და იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქისკენ, მაგალითად, კიევისკენ. მე ვთქვი, რომ ეს ასე არ კეთდება", - განაცხადა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ძალზე იმედგაცრუებულია პუტინის ქმედებებით უკრაინის საკითხის დარეგულირების კონტექსტში.
„იმედგაცრუებული ვარ, იმედგაცრუებული პრეზიდენტ პუტინით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამ პირობებში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევისთვის ადრე დადგენილ 50-დღიან ვადას 10-12 დღემდე ამცირებს, რის მიზეზადაც კონფლიქტის მოგვარების პროცესში პროგრესის არარსებობას ასახელებს.
„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ არასრულ ინფორმაციას იღებს და მოსკოვი ამ სიტუაციის გამოსწორებას შეეცდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინიდან რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ თავდასხმების იგნორირებას ამჯობინებენ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ეს განცხადებები ძალიან სერიოზულია, მოსკოვს ანალიზისთვის დრო სჭირდება. მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩათვლის, ვლადიმირ პუტინი ტრამპის სიტყვებზე კომენტარს გააკეთებს.