თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. 2025 წლის პირველ ნახევარში ქართული თხილის ექსპორტი 54%-ით გაიზარდა, ნათქვამია მედიაპლატფორმა BMG-ს გვერდზე.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 65%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან 52,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი იქნა ექსპორტირებული. ევროკავშირის ქვეყნებში 30,1 მილიონ აშშ დოლარამდე ექსპორტი განხორციელდა.
თხილის ყველაზე დიდი მოცულობა, 9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, გავიდა ესპანეთში, იტალიაში (6,9 მილიონი აშშ დოლარი), საფრანგეთში (4 მილიონი აშშ დოლარი) და გერმანიაში (2,7 მილიონი აშშ დოლარი). ასევე, ქართული თხილის ათ უმსხვილეს იმპორტიორს შორის იყვნენ თურქეთი, ისრაელი, მაროკო, რუსეთი, პოლონეთი და საუდის არაბეთი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-ივნისში 7,1 მილიონი კილოგრამი თხილი იქნა ექსპორტირებული, ანუ 1 კგ თხილის საშუალო ფასი დაახლოებით 7,4 აშშ დოლარი იყო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალო ფასი დაახლოებით 6,6 აშშ დოლარი იყო.
დარგის დახმარება
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.
ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0,2 ჰექტარისა და არაუმეტეს 3 ჰექტარისა, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ფერმერებს ფინანსური დახმარების მისაღებად 2024 წლის 2 დეკემბრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა მოეხდინათ თხილის ბაღების რეგისტრაცია. მოგვიანებით ვადა 16 მაისამდე გააგრძელეს.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა „ლიბერთი ბანკის" აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა მიმდინარეობს ეტაპობრივად.
სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.
სახელმწიფო დახმარება დარგისთვის აუცილებელი გახდა, რადგან 2017 წელს ფაროსანას გავრცელების გამო თხილის წარმოების მოცულობა, ხარისხი და ექსპორტი შემცირდა. მავნებლებთან ბრძოლის მასშტაბურმა ზომებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილ თხილის კადასტრში მოცემული იქნება ინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.