თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. „გლობალური ომის პარტიის“ მითითებებით მოქმედმა ევროპულმა ბიუროკრატიამ გაზარდა ზეწოლა საქართველოზე, რათა ის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში ჩაითრიოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო თვის განმავლობაში საქართველო ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან აქტიური კრიტიკის საგანი გახდა. თავდაპირველად, ევროპარლამენტმა კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, შემდეგ კი 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს წერილი საქართველოს „ანტიევროპული კურსის“ შესახებ. სანქციების შემოღების და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმების კონტექსტში საქართველოს საკითხი განიხილეს ევროკავშირის მინისტრების შეხვედრებზე, ხოლო ევროკომისიამ ასევე გამოგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
„დღეს... უფრო მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება. უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმის გაუქმებით შანტაჟის მიზანია საზოგადოების განხეთქილება, რომელიც ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევდა.
კობახიძის განცხადებით, მიზანი აქაც იგივეა - საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ, ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას პოლიტიკური გუნდი, რომელიც „გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად „არ გამოადგება“, სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული „აგენტურა“ მოიყვანონ ქვეყნის სათავეში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „გლობალური ომის პარტია“ თავისი მიზნის მისაღწევად ევროკავშირის სტრუქტურებსა და ცალკეულ ევროპელ ბიუროკრატებს იყენებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის საქართველოში გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ, როგორც მან აღნიშნა, მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე ზეწოლის რეჟიმშია გადასული და უვიზო რეჟიმის გაუქმება ზეწოლისა უკანასკნელ ბერკეტად განიხილება.
მისი თქმით, საქართველოს ომში ჩათრევის მსურველი ძალები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპაში მოვლენების განვითარება მიმართულია იქითკენ, რომ უკრაინის საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად ევროპელების მხრებზე გადავიდეს.
„გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს - ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების რიტორიკა და მათი ძალისხმევა უკრაინის შეიარაღების, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების, რუსეთისთვის სანქციების დამძიმების მიზნით.
მისივე თქმით, ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეიარაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება, რაც ამ ქვეყნების ბიუჯეტის 15%-ს აღემატება. გლობალური ომის პარტიის მიერ ნაკარნახევი ეს ნაბიჯი ევროპულ ქვეყნებს მილიტარისტულ ქვეყნებად აქცევს, რაც ერთი მხრივ კიდევ უფრო ზრდის კონტინეტზე საომარი ესკალაციის საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხარჯების გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ევროკავშირის ეკონომიკის მდგომარეობას და სოციალურ ფონს.
„ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლება დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
აშშ-მ ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და გარკვეული დაფინანსება. ამასთან, აშშ-მ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.