გელაძე: კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში მინიმუმ სამი ადამიანი მოყვა.
Sputnik
ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ.
დღეს, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა - შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.
„ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, იგი კონტაქტურია, უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, მოგახსენებთ“, - განაცხადა გელაძემ.
მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. თვითმხილველების თქმით, ნანგრევებში მინიმუმ სამი ადამიანი მოყვა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
უწყება მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.