ნოდარ დუმბაძე: ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი საქართველოში – ვიდეო

გამოჩენილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. მისი მამა, ვლადიმერ დუმბაძე, რეპრესირებულ იქნა და დახვრიტეს, ხოლო დედა და ძმები დააპატიმრეს და 1937 წელს გულაგში გადაასახლეს.
Sputnik
ამის გამო, ნოდარ დუმბაძე თავდაპირველად აფხაზეთში ნათესავებთან, შემდეგ კი გურიის სოფელ ხიდისთავში იზრდებოდა, სადაც მისი მუზეუმი მდებარეობს. მწერლის ნაწარმოებებში ასახულია რწმენა ადამიანისა და სიკეთის, გამარჯვებისადმი და აღფრთოვანება საუკეთესო ადამიანური თვისებებისადმი. დუმბაძის შემოქმედებას ახასიათებს კომიკურისა და დრამატიზმის შერწყმა და ღრმა ლირიზმი.
მის კალამს ეკუთვნის ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა რომანები „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მარადისობის კანონი“, „მე ვხედავ მზეს“ „თეთრი ბაირაღები“, „ნუ გეშინია, დედა!“, მოთხრობები „კუკარაჩა“, „ჰელადოსი“, „კორიდა“, „ბოშები“ და სხვა.
დუმბაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორია და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ ლიტერატურაში. მისი ოთხი რომანი პიესებად გადაკეთდა და დღემდე იდგმება ქვეყნის თეატრალურ სცენებზე, აგრეთვე შეიქმნა მისი ნაწარმოებების ეკრანიზაციებიც. მწერალი მუშაობდა ჟურნალებში „ცისკარი“ და „ნიანგი“, სადაც მთავარი რედაქტორი იყო, ასევე მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
ნოდარ დუმბაძე 1984 წელს, მესამე ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა. მწერალი თავდაპირველად საბავშვო ქალაქ „მზიურში“ დაკრძალეს, რომელიც 1982 წელს მისი ინიციატივით აშენდა. 2009 წლის 14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.