თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში საქართველოს მისამართით გამოყენებული თითოეული სიტყვა და წინადადება უსამართლო და პოლიტიკურად ანგაჟირებულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე დებატები გამართა. ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ლიეტუველი დეპუტატის რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც ცნობილია ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით, ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ მას ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტს უწოდებენ, რომელიც ასევე ევროპის სახალხო პარტიის წევრია.
„სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი რეალობაა. ცხადია, რომ ეს საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და საქართველოსთან მიმართებით გამოყენებულ თითოეულ სიტყვასა და წინადადებაში იგრძნობა უსამართლობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკიმ გაიხსენა, რომ ამ პარტიამ (ევროპის სახალხო პარტიამ - რედ.) ადრეც მიიღო მსგავსი რეზოლუცია, რომელიც, მისი თქმით, მფარველობს და ინსტრუქციებს აძლევს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ რეზოლუციის პროექტის ავტორს კომუნისტი უწოდა.
„რაისა კომუნისტკა არ ისვენებს. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, უკვე ყოველ კვირა საქართველოზე დებატები აქვს, ოღონდ ცარიელ დარბაზში", - განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ასპექტით საქართველო უსწრებს თავის კრიტიკოსებს, რომლებიც აგრძელებენ ქვეყნის ხელოვნურად და უსაფუძვლოდ „გაშავებას". მან მოუწოდა იუკნევიჩენეს, შეწყვიტოს საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობები და რომ ასეთი ქმედებებით წარმატება არ მიიღწევა.
„ასე რომ, რაისას გადაეცით, გორბაჩოვს ვაფიცებ, არ უნდა ეს, შეეშვას, გაანებოს თავი, არ გამოსდის მაინც ამ ქვეყნის გაშავება, რადგან ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დავდგებით", - განაცხადა ზარქუამ.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს „ქართული ოცნების“ მთავრობას და ხაზს უსვამს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, ასევე მთავრობის ლიდერებისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელი სხვა პირების მიმართ სანქციების დაწესების აუცილებლობას.
დოკუმენტში კვლავ არის მოთხოვნები საქართველოს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და სალომე ზურაბიშვილის, როგორც საქართველოს კანონიერი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, ლეგიტიმურობის აღიარების შესახებ.
რა წერია რეზოლუციაში
ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
რეზოლუციაში ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მისი კანონიერი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაკავებებს „პოლიტიკურად მოტივირებულს“ და „საკმარისი იურიდიული საფუძვლის არმქონეს“ უწოდებს და მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია სახალხო პროტესტების „ჩახშობისკენ“, მათ შორის გადაჭარბებული ჯარიმების გზით.
ევროპარლამენტი ასევე განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს „პოლიტიკური“ პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და ხელისუფლებას მათი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ-ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის მიეცა.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში წინ არ წასულა და ფაქტობრივად, რეგრესი განიცადა იმ 9 პირობასთან მიმართებით, რომელიც ევროკომისიამ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას განუსაზღვრა.
რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის საჭიროებას „დემოკრატიული უკუსვლის" და სულ უფრო „რეპრესიული პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემოს" და მოუწოდებს კომისიას გადახედოს საქართველოს ევროკავშირში ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულება.
რეზოლუციაში პირველად არის დასახელებული მმართველი პარტიის ლიდერები ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პასუხისმგებელი პირები საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე დემოკრატიიდან გადახვევის ხელშეწყობით. ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის აზრით, ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური კურსის ხელშესახები ცვლილება არ მოხდება და ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.
რეზოლუციაში არის მოწოდებები ევროკავშირის წარმომადგენლების, წევრი-სახელმწიფოებისა და ევროპარლამენტარებისადმი, თავი შეიკავონ „რეჟიმის წარმომადგენლებთან“ შეხვედრებისგან. დოკუმენტში ხაზგასმულია სალომე ზურაბიშვილის, როგორც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის წარმომადგენლის აღიარება.
პარადოქსულია, მაგრამ ევროპარლამენტი კვლავ მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიყენოს მომავალი ადგილობრივი არჩევნების შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ, რაც უკვე დადასტურდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული „მშვიდობიანი საპროტესტო აქციების“ დროს.