კონკურენციის სააგენტომ 34 მოვაჭრე დააჯარიმა

მოვაჭრეებზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა ჯამში 29.018 ლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2025 წლის ექვს თვეში 68 საქმეზე 34 მოვაჭრე დაჯარიმდა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
უწყების ცნობით, მოვაჭრეებზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა ჯამში 29.018 ლარს შეადგენს.
საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

„GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, „ინფინიტი ენერჯი ს კ“, „სნიკერ სტუდიო“, „გეო ვორლდ შოპინგი“, „იქომერს.ჯორჯია 2023“, „კარგო ჯორჯია“, „ქეი.ენ.ჯი ველნესი", „გლას სტუდიო 1“, „დილსი“, „სამი“ და სხვა მოვაჭრეები დაჯარიმდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს - დაჯარიმების პროცედურა იწყება მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„ GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.