თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. დაინტერესებული მხარეები ეუთოს რეზოლუციას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე მიიღო „პორტოს დეკლარაცია", რომელშიც დაგმო 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევები და გამოთქვა შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ფართომასშტაბიანი გამოყენების გამო, რაც, მისი აზრით, ძირს უთხრის არჩევნების ლეგიტიმურობას. თუმცა, მანამდე, იმავე სხდომაზე ეუთოს გენმდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ „ოდირის" ანგარიში მიუთითებს, რომ გარკვეული ხარვეზების მიუხედავად საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხალხის ნებას ასახავდა, ხოლო ოპოზიცია, რომელმაც ხმების 40 პროცენტზე მეტი მიიღო, უსამართლოდ ეპყრობა თავის ამომრჩევლებს.
„ეუთოს რეზოლუციაში, ისევე როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაში, საუბარია მხოლოდ ცალკეულ დარღვევებზე და არა არჩევნების გაყალბებაზე... საქართველოში გამოვლენილ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია მთავარზე - ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანზე და არჩევნების შედეგებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც ცესკომ აღნიშნა, ეუთოს რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ასახული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის დასკვნებს.
„ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებენ, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ეუთოს ანგარიშებით სპეკულაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამის მაგალითად ცესკომ მოიყვანა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას განცხადება, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
„საზოგადოება გვინდა შევახსენოთ, რომ ქალბატონი ლომჯარია აღნიშნულ არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჩემი ხმის“ სახელით აკვირდებოდა, რომელმაც არჩევნების შემდგომ არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელა", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ამ არჩევნებზე მრავალჯერად ხმის მიცემას ჰქონდა ადგილი, თუმცა ამის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს.
ცესკო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქმიანობს მიუკერძოებლად, კანონიერად და ობიექტურად.
ამასთან, კომისია მკაცრად გმობს ყველა მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხელყოფას.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს მთავრობა არ მოიწვევს ეუთო/ოდირის მისიას.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა, ის ამას აცხადებს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა დარღვევებსაც არ უარყოფს.
ოთხივე ოპოზიციური პარტია - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „საქართველოსთვის“ - უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და მათ „გაყალბებულს“ უწოდებს. ისინი ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტის მუშაობას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.