თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა რომ მზადაა შეიწყალოს მსჯავრდებული პოლიტიკოსები, თუ ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში.
დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის, ოპოზიცის რვა ლიდერს კანონით გათვალისწინებული წესით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს“, - დაწერ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
„ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე”, - წერს ყაველაშვილი.
დღეისათვის, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის რვა ოპოზიციონერია გასამართლებული: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. თითოეულ მათგანს 7-დან 8 თვემდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ყველა პირს, ვისაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ორი წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა, შესაბამისად ისინი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.