თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. პარლამენტმა მძღოლებისა და ქვეითების მხრიდან საავტომობილო გზებზე ჩადენილ რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა, იუწყება პირველი არხი.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებმა მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
მიღებული ცვლილებების თანახმად, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - თვითნებურად გადაკეთებულად ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი. აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
ამ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილი იქნება სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ სადგომზე იქნება გადაყვანილი.
გარდა ამისა, პასუხისმგებლობა დაწესდა სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით, ასევევ მოხდება ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულის 15-ით შემცირება.
ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 2,5 ათასი ლარის ოდენობით იქნება. მართვის მოწმობის ქულები კი 20-ით შემცირდება.
გარდა ამისა, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას ქვეითებისთვის. კერძოდ, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის 10 ლარის ნაცვლად, ჯარიმა 50 ლარი იქნება - 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.
იგივე ქმედება თუკი ის ჩადენილია ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში კი გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.