საქართველოს მთავრობა ნარკოპოლიტიკას თანმიმდევრულად ამკაცრებს

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სრულად აიკრძალოს კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ანტინარკოტიკულ პოლიტიკაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ზომების გაძლიერებას გეგმავს, რათა უფრო ეფექტურად ებრძოლოს ნარკოდანაშაულს და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყანაში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
ცვლილებების ახალი პაკეტი ითვალისწინებს კერძო სუბიექტების მხრიდან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელების აკრძალვას და ასევე ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის აკრძალვას კერძო კომპანიების მიერ. გარდა ამისა, იგეგმება ასეთი მედიკამენტების რეცეპტების გაცემაზე კონტროლის გაძლიერება.
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა და მას სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტის მხრიდან, რომ ჩვენი მთავარი ინტერესია ქვეყანაში მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკის დონეზე ნებისმიერი ხარვეზი“, - აღნიშნა მახაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოცემული ინიციატივა გააძლიერებს ნარკოტიკებთან ბრძოლას და მაქსიმალურად წაახალისებს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესს.
საზოგადოებაში არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ მარიხუანა უვნებელია, თუმცა მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იგი ჯანმრთელობისთვის ისეთივე მავნებელია, როგორც სხვა ნარკოტიკები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„საჭიროა კანონმდებლობის სრული გამკაცრება ნარკოტიკების შენახვის, გავრცელებისა და აქედან ფინანსური სარგებლის მიღების საკითხებში“, - ხაზგასმით აღნიშნა ვოლსკიმ.
2025 წელს პარლამენტმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში მთელი რიგი ცვლილებები მიიღო და საბოლოოდ გამიჯნა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/რეალიზაციის საკითხები. ნარკოტიკების რეალიზაციისთვის საპატიმრო სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქუჩებში კონტროლი გაძლიერდა და ნარკოდანაშაულთან კავშირში მყოფი ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სრულად აიკრძალოს კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი.
უფასო პროგრამა, რომლის ფარგლებში პაციენტებს ნარკოტიკის ნაცვლად რეგულარულად მეტადონს უნიშნავენ, საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს.
პრემიერის თქმით, რადგან ჩანაცვლებითი მკურნალობა მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, მასზე სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ხვდებიან დადასტურებული სამედიცინო დიაგნოზის - „ნარკოდამოკიდებული" - მქონე 21 წელს ზემოთ პირები.
საქართველოში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრების პოლიტიკის ფარგლებში იგეგმება კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვა. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.
გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. სახელმწიფო დააკვირდება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკასაც.