კუპრაშვილი: „ენჯეოებს" ხარჯებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ

ამ ეტაპზე 43-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს და ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან ანტიკორუფციულ ბიუროში.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწევს პასუხის გაცემა მათი საქმიანობის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კითხვებზე, განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.
17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „საფარის“, „მომავლის აკადემიის“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ფინანსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
„ბევრ ორგანიზაციას ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი. ორგანიზაციები თუ გვიმტკიცებენ, რომ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას ან რომელიღაც ბენეფიციარის უფლებების დაცვას და მხოლოდ ამ მიმართულებით იყვნენ დაკავებული, ეს არის მათი გაცხადებული მიზანი, როგორ ხდება, რომ მათი მხრიდან არის ისეთი შესყიდვები, როგორებიცაა ჩაფხუტები, პირბადეები, დროშები. ეს არის რამდენიმე ათასი და ათიათასობით ლარის ღირებულების. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა კუპრაშვილმა.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ანტიკორუფციულ ბიუროსთან თანამშრომლობაზე უართან დაკავშირებით.
„განცხადება იმის თაობაზე, რომ რომელიმე ორგანიზაცია კანონზე მაღლა დადგება და სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილება, საქმის მასალებს გაანადგურებს, სახელმწიფო უწყებასთან არ ითანამშრომლებს, რა თქმა უნდა, ეს ცუდი ფაქტია. კანონში შესაბამისი რეგულაციები არსებობს“, - აღნიშნა კუპრაშვილმა.
ამ ეტაპზე 43-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს და ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან ანტიკორუფციულ ბიუროში. რეგისტრაციაზე ან ფინანსური ინფორმაციის მიწოდებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც 5-დან 10 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში 385 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდა.
„უცხოური აგენტების“ შესახებ ამერიკული კანონის (FARA) ქართული ვერსიის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა ერთმა ორგანიზაციამ „ია" და რვა ფიზიკურმა პირმა.
კანონი ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი.
კანონის ახალი ენა
კანონის თანახმად, საქართველოში ორი ტერმინი გაჩნდა: „უცხოური პრინციპალი" და „უცხოური პრინციპალის აგენტი".
ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:
უცხო სახელმწიფო ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლება;
პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, „საქართველოში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსით;
პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა გაერთიანება, რომელთა საქმიანობა რეგულირდება უცხოური კანონმდებლობით.
რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, კანონის თანახმად, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.
ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.