თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი 4 თვეზე მეტია გრძელდება - ამ დროისთვის შვიდი ადამიანი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მაღაროელი ავრცელებს.
გაფიცულები მანგანეზის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ შეუსრულებელ დაპირებებს, ასევე ოთხი პირის დაკავებას აპროტესტებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.
მაღაროელებმა შიმშილობა 19 ივნისს, მას შემდეგ განაახლეს, რაც დაკავებულების გათავისუფლების შესახებ მიღებული პირობა არ შესრულდა. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 4 მაღაროელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა და მათი წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილე მაღაროელები უარს აცხადებენ სამედიცინო დახმარებაზე.
„დღეს პროტესტის 124-ე და შიმშილობის 13-ე დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება“, - დაწერა ერთ-ერთმა მაღაროელმა სოციალურ ქსელში.
ოთხი მაღაროელი ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ 28 აპრილს დააკავეს. ორ მათგანს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ორს – მასში მონაწილებას.
„შუქრუთისა" და „კოროხნალის" შახტების მუშაობა წელიწადზე მეტია პარალიზებულია. 28 თებერვლიდან ათობით მაღაროელი აქციას მართავდა და ითხოვდა სახელმწიფომ „ჯორჯიან მანგანეზთან“ დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაეცვა.
აქციები თებერვლის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო რაც კომპანიამ, სპეციალური მართვის რეჟიმზე გადასვლისას, ვეღარ უზრუნველყო ხელფასების დროული და სტაბილური დარიცხვა. კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, ხელფასის 60% ყოველ თვეში, 15 რიცხვში დაერიცხა, თუმცა, აღნიშნული პირობა კომპანიამ არ შეასრულა.
Georgian Manganese Holding-ში ფინანსური კრიზისი, რომელიც მანგანუმის მადნის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა საქართველოში, წარმოიშვა სოფელ შუქრუთის მოსახლეობისა და მაღაროელთა ნაწილის ხანგრძლივი პროტესტის ფონზე. ამ ორ მაღაროში კომპანია მადნის 70%-ზე მეტს მოიპოვებდა. კრიზისის ფონზე Chiatura Management Company-მა სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
მადნის მოპოვების 14-თვიანი შეწყვეტის შემდეგ, „შუქრუთისა" და „კოროხნალის" მაღაროებში მუშაობა 16 მაისს განახლდა.