თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ფინალში 77 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ანრი ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი ანგარიშით 3-1 დაამარცხა და კარიერაში მეორედ დაეუფლა კონტინენტური პირველობის ოქროს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელსაც ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მამადოვი დაამარცხა.
ასევე ოქროს მედალი მოიპოვა 87 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა კოჩალიძემ. ქართველმა ფალავანმა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბდულრახმან აბდულკადიროვი დიდი უპირატესობით ანგარიშით 8:0 დაამარცხა.
2024 წელს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა და საერთოგუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებს ერთადერთი ოქრო გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოუტანა.