საქართველოში ნარკოპოლიტიკა გამკაცრდება - დეპუტატი ახალ ზომებზე საუბრობს

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ მთლიანად აიკრძალოს
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადოს ნარკოდანაშაულს და მათ, ვინც ნარკოტიკების გავრცელებას უწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
ცვლილებების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელების აკრძალვას კერძო სუბიექტების მიერ, ასევე ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის აკრძალვას კერძო კომპანიების მიერ. გარდა ამისა, იგეგმება ასეთი მედიკამენტების რეცეპტების გაცემაზე კონტროლის გაძლიერება.
„ინიციატივას ბოლომდე მივიყვანთ და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება. რა თქმა უნდა უკომპრომისო ვიქნებით როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, ასევე იმ ადამიანების თუ სუბიექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ნარკომოხმარებას უწყობს ხელს“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომ ჩანაცვლებითი თერაპია სრულად იყოს სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილი და არ იყვნენ კერძო სუბიექტები ჩართული იმგვარად, რომ გავრცელებას უწყობდნენ ხელს, თავისთავად ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების დროს.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად აუკრძალოს კერძო სუბიექტებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება.
უფასო პროგრამა, რომლის ფარგლებში პაციენტებს ნარკოტიკის ნაცვლად რეგულარულად მეტადონს უნიშნავენ, საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს.
პრემიერის თქმით, რადგან ჩანაცვლებითი მკურნალობა მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, მასზე სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ხვდებიან დადასტურებული სამედიცინო დიაგნოზის - „ნარკოდამოკიდებული" - მქონე 21 წელს ზემოთ პირები.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ფსიქოტროპულ მედიკამენტების იმპორტს სახელმწიფო განახორციელებს, თუმცა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტების რეცეპტებს ექიმები გამოწერენ და კერძო სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება, როგორც აქამდე ხდებოდა.
გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. სახელმწიფო დააკვირდება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკასაც.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სრულად აიკრძალება კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი.
2025 წელს პარლამენტმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში მთელი რიგი ცვლილებები მიიღო და საბოლოოდ გამიჯნა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/რეალიზაციის საკითხები. ნარკოტიკების რეალიზაციისთვის საპატიმრო სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქუჩებში კონტროლი გაძლიერდა და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული.