თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად სასამართლო სხდომებზე ჟურნალისტებისთვის ქცევის წესი მკაცრდება, მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით, 80 ხმით მიიღო.
ბოლო დროს პოლიტიკურ ლიდერებთან თუ აქციის მონაწილეებთან მიმართებით გამართულ სხდომებს თან ახლდა მანდატურებსა და ბრალდებულთა მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება, ასევე მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები.
ახალი წესების თანახმად, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ თავად სხდომაზე ან საჯარო სივრცეში მოსამართლის მიმართ ნებისმიერი უპატივცემულობა, იქნება ეს სიტყვიერი თუ ქმედებით გამოხატული ჩაითვლება სასამართლოსადმი უპატივცემულობად და დაისჯება კანონით.
გარდა ამისა, იკრძალება სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.
სასამართლო სხდომების ჩაწერა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
გარდა ამისა, სასამართლოს, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უფლება ექნება, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქმის განხილვა სხვა სასამართლოს შენობაში ან სხვა სასამართლო დარბაზში გადაიტანოს.
საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.