გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულდა

როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, სახელმწიფოს, ეკლესიისა და სამეცნიერო წრეების ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოსკულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამუშაოები განახორციელა გელათის დროებითმა რეაბილიტაციის კომიტეტმა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2023 წელს შეიქმნა. საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციისთვის 7,5 მილიონი ლარი გამოუყო.
გელათის ტაძარი
რეაბილიტაციის მთლიან პროცესს, მათ შორის, ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქციის დადგმას, საქართველოს მთავრობა და კულტურის სამინისტრო აქტიურად უჭერდა მხარს.
გელათის მთავარი ტაძრის გუმბათის გადახურვის პროცესს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მოადგილეებთან და გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტ კირიონთან (ონიანი) ერთად დაესწრო.
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე გელათის ტაძრის ტერიტორიაზე
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, სახელმწიფოს, ეკლესიისა და სამეცნიერო წრეების ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის პრინციპები გათვალისწინებულია და ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესი შეუქცევადია.
გელათის პრობლემები
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
გელათი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.