თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში 22 ივნისის საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო), აღნიშნავენ სააგენტოში.