თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ხევსურული "ნაჭრელას" ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია კულტურული მემკვიდერობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ნაჭრელა" ხევსურეთის მთებში დაბადებული მრავალგვარი და მრავალსახა ორნამენტებით შექმნილი და დასრულებული კომპოზიციაა, რომელიც სამოსისა და აქსესუარების მთავარ მახასიათებლად მიიჩნეოდა.
"ნაჭრელას" ხევსურები ნაქარგ სახეს უწოდებენ. ეს, საუკუნეების წიაღიდან, დღემდე შემონახული ულამაზესი ორნამენტებისა და ფერების ჰარმონიული შერწყმაა, რომელიც ჯვრული ტექნიკის გამოყენებით სრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ხევსურეთის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში "ნაჭრელა" გვხვდება ხეზე, ლითონზე, ძვალსა და ქვაზეც.
დედიდან შვილზე გადაცემული "ნაჭრელას" ქარგვის საუკუნოვანი ტრადიცია, დღესაც ცოცხალია.