თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 62,2 მილიონი ლარით გაიზარდა და 2,3 მილიარდს გადააჭარბა; შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სოციალურ პროგრამებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში, არსებობს სერიოზული გამოწვევები, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ქალაქის განვითარებისთვის. მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე მოსახლეობა მხარს გვიჭერს და გვერდით გვიდგას ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, მომდევნო ოთხი წელიწადი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის.
მერიამ დაგეგმა არაერთი პროექტი, რომელთა შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად შეიტყობს.
2024 წლის დეკემბერში დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, თბილისის ასიგნებების ოდენობა 2,2 მლრდ ლარს შეადგენს, აქედან უმრავლესობა ქალაქის ინფრასტრუქტურაზე გათვლილი ხარჯია.