მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში: გურამ თუშიშვილმა საქართველოს მეორე ვერცხლი მოუტანა

საქართველოს ნაკრების ყულაბაში ამ დროისთვის ოთხი მედალია
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში 30 წლის თუშიშვილი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა - 1:10.
ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, კორეელი კიმი დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო.
მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 4 მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი სპორტსმენი ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატში 92 ქვეყნიდან 568 სპორტსმენი მონაწილეობს. ინდივიდუალური ტურნირის შემდეგ ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი შერეულ გუნდებს შორის.