სერიალ Somebody Feed Phil-ის ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოსა და ქართულ ღვინოს მიეძღვნება

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ამერიკული მედიაკომპანია „ნეტფლიქსის“ რეიტინგული სერიალ Somebody Feed Phil-ის მე-8 სეზონის მეოთხე ეპიზოდი საქართველოს და ქართულ ღვინოს მიეძღვნება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Somebody Feed Phil-ის მე-8 სეზონი „ნეტფლიქსის“ პლატფორმაზე დღეს, 18 ივნისს გამოდის.
უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით, „ნეტფლიქსის“ შემოქმედებითი ჯგუფი აღნიშნული ეპიზოდის გადასაღებად საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდა. გადაღებები თბილისსა და კახეთში მიმდინარეობდა. სერიალის კონცეფციიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოსთან ერთად სერია ქართული გასტრონომიასაც ეძღვნება.
Somebody Feed Phil არის ამერიკული სამოგზაურო დოკუმენტური სატელევიზიო სერიალი, რომლის პრემიერაც Netflix-ზე 2018 წლის იანვარში შედგა. თითოეულ ეპიზოდში რეჟისორი მაყურებელს შერჩეულ ქალაქში მოგზაურობასა და მის სამზარეულოზე უყვება.
ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის სარეკლამო კამპანიას აქტიურად ახორციელებს. მედიაკამპანიის ფარგლებში ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს აშშ-ში ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის შოუც – V is for Vino ამზადებს.
აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლიდან ხორციელდება მარკეტინგული აქტივობები. ბოლო წლებში გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის „სიბიექსი“, „სიენენი“, „ნიუ იორკ თაიმსი“, Wine Enthusiast, რამაც უწყების ცნობით, აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა.
2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1,2 მლნ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანია Colangelo&Partners-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.