თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე 10 ხმით აირჩიეს.
გენპროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივნისს გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს - გაბიტაშვილი ახალ თანამდებობაზე უფლებამოსილების აღსრულებას 11 ივნისს შეუდგა.
გიორგი გვარაკიძე ამ დრომდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა - ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა.
საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი გვარაკიძეს შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე საპროკურორო საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა დაასახელა. საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმინეს და საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
გიორგი გვარაკიძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების, გამოძიების და საპროკურორო ზედამხედველობის გაუმჯობესების, ასევე პროკურორების და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო და კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.
გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ-პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.
გარდა ამისა, გიორგი გვარაკიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს მიენიჭა უფლებამოსილება დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.