თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 131 სასაკლაო ფუნქციონირებდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 13 ერთეულით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" კვლევაში.
კვლევის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში სასაკლაოებზე დაკლულია 520 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 30,6% მსხვილფეხა, ხოლო 69,4% — წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12.243,7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
უწყების ცნობით, გასულ წელს სასაკლაოების მიერ 63.020,9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29,9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 35% – ფრინველის, 33,9% – ღორის, 1,2% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
2024 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 8.728,2 შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ - 30,8% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 5,2% – ფრინველის ხორცზე, ხოლო 63,5% – ღორის ხორცზე.
გასულ წელს სასაკალაოების მომსახურება გაძვირდა. „საქსტატის" მონაცემებით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 38,1 ლარი [2023 წელს - 34,4], ცხვრის ან თხის – 14,9 ლარი [2023 წელი - 15,9 ლარი], ღორის – 30,8 ლარი [2023 წელი - 29,6 ლარი].
2024 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 30,6 ათას პირს, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს რიცხვი 40 300-ს შეადგენდა. აქედან 53,6% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.113 კაცი შეადგინა.
სასაკლაოების თითქმის ნახევარი (49,6%) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 46,6% აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 3,8% კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სასაკლაოების 66,4% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 33,6%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 61,4%-ს – ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 25%-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 13,6%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისთვის.
სასაკლაოების 17,6% მდებარეობს კახეთის რეგიონში, 16% – ქვემო ქართლში, 16% – შიდა ქართლში, 13,7% – იმერეთში, 10,7% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 26% სხვა რეგიონებშია განთავსებული.