ირანმა ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტის პირობები დაასახელა

თეირანს სურს, რომ აშშ-მ ნათლად დააფიქსიროს თავისი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და „გულწრფელად დაგმოს თავდასხმა ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე“.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ირანი მზადაა ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ შეინარჩუნებს თავისი ბირთვული მრეწველობის გამოყენების უფლებას, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიედ აბას არაღჩიმ.
საუბარია შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც თეირანი გარანტიას იძლევა, რომ მას ბირთვული იარაღი არ ექნება. არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეწყვიტოს ისრაელზე თავდასხმები, თუ იგი შეწყვეტს აგრესიას.
„ჩვენ თავს ვიცავთ, ეს თავდაცვაა. ბუნებრივია, თუ ეს შეწყდება, ჩვენც შევწყვეტთ რეაგირებას“, - განაცხადა მინისტრმა ირანის ტელევიზიის ეთერში.
გარდა ამისა, თეირანს სურს, რომ აშშ-მ ნათლად დააფიქსიროს თავისი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და „გულწრფელად დაგმოს (ისრაელის - რედ.) თავდასხმა (ირანის - რედ.) ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირების ესკალაციის შესახებ. 13 ივნისის ღამეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცაჰალმა) ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სამხედრო-საჰაერო ძალები ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო სამიზნეებსა და ობიექტებს ანადგურებენ.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ისრაელში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3" დაიწყო და ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ორმხრივი დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
ამ დაპირისპირების ერთ-ერთი შედეგი მესამე ქვეყნებისთვის იყო იმ ავიარეისების მასობრივი გაუქმება, რომელთა მარშრუტები ახლო აღმოსავლეთზე გადის. ზოგიერთი თვითმფრინავი სასწრაფოდ სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. მაგალითად, მინსკი-დუბაის რეისი ბაქოში დაეშვა.