თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი ორი ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულეს.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 73 კგ, ხოლო ქალები — 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, ჯერჯერობით, ერთი ოქროს მედალი.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.