საქართველოში შესაძლოა UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიება ჩატარდეს

მხარეები შეთანხმდნენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიების საქართველოში ჩასატარებლად მოლაპარაკებები და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს შეხვდა და საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობა შესთავაზა, ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
კვირას, 8 ივნისს სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო'მალი თავის კარიერაში მეორედ დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. მერაბ დვალიშვილს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს პირველმა პირებმა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს, მათ შორის შალვა გოგოლაძემ, რომელიც ნიუარკის Prudential Center-ში UFC-316-ის ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და ამერიკელი შონ ო ’მალის ბრძოლას დაესწრო.
უწყების ცნობით, მინისტრმა საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიების საქართველოში ჩასატარებლად მოლაპარაკებები და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებზე. შალვა გოგოლაძემ დანა უაითს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ და UFC-ის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
დანა უაითთან შეხვედრას ესწრებოდნენ UFC-ის მრავალწლიანი პარტნიორის - კომპანია SPRIBE-ს წარმომადგენლები, რომლის დამფუძნებლის, დავით ნატროშვილის ორგანიზებით შედგა შეხვედრა UFC-ის პრეზიდენტთან.
მერაბ დვალიშვილის გარდა, რომელმაც შერეული ორთაბრძოლების წესებით 24 ბრძოლა ჩაატარა და 20 გამარჯვება მოიპოვა, UFC-ში არაერთი ქართველი მებრძოლი წარმატებით ასპარეზობს. ესენი არიან ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, რომან დოლიძე, ლიანა ჯოჯუა.