„რიყის დოქებს" მფლობელი ისევ შეეცვალა - ამჯერად ობიექტი დემონტაჟის პირობით გადაიყიდა

მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, თბილისის გულში მდებარე ამ ობიექტის ნაცვლად, რომლის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია, სასტუმროს მშენებლობა არის შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის ცენტრში მდებარე შენობა „რიყის დოქებს" მფლობლი კიდევ ერთხელ შეეცვალა, მისი ახალი მესაკუთრე თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარია, იუყწება გამოცემა BM.GE.
„რიყე დომმა" რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია „ნ.გ.ბ“-იმ „მაქრო ფროფერთის" მიჰყიდა.
მედიის ცნობით, კომპანია „რიყე დომის" ახალი მესაკუთრე 2025 წლის აპრილშივე დაფუძნებული კომპანია „მაქრო ფროფერთი" გახდა, რომელიც „მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის „მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი.
გარიგებამდე, „რიყე დომის" მფლობელი კომპანია „ნ.გ.ბ“-ის 100%-იანი წილი ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა. კომპანია 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ "დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა. ხიდაშელი ქონების მფლობელი მხოლოდ მეშვიდე აუქციონის შემდეგ გახდა, მან ობიექტი 2022 წელს 10 მლნ ლარად შეიძინა, მაშინ როცა პირველ აუქციონზე 2020 წელს „დოქები" 95 მლნ ლარად იყო შეფასებული.
აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა ვალდებულება, 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმები, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, რაც არ შესრულებულა.
ამჯერად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2,84 მილიონი დოლარია. ამასთან, „მაქრო ფროფერთი" იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10,8 მილიონი ლარი „როყის დოქების" ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10,8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია „რიყე დომის" წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი - 2.84 მილიონ დოლარს.
თბილისის გულში მდებარე ამ ობიექტის საერთო ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად 14.591 კვადრატული მეტრია. აღსანიშნავია, რომ „დოქები" ამჯერად დემონტაჟის შესაძლებლობით გადაიყიდა.
2025 წლის 21 მაისს „ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რიყის დოქების“ სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.
კომპლექსი რიყის პარკში ცილინდრული ფორმის ორ გიგანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ფორმის გამო თბილისელები შენობას „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.
თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა. უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით შენდებოდა და ორგანულად უნდა შერწყმოდა ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში.