თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ობიექტურობის სტანდარტების დაცვა არანაირად არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ცენზურა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ამ კვირაში კომუნიკაციების კომისიაში შეიტანა საჩივარი ოპოზიციური ტელეარხების ვებსაიტების წინააღმდეგ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, რადგან ისინი იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“ და სხვა მსგავს ტერმინებს, რაც პორტალებმა ცენზურის მცდელობად შეაფასეს.
„იმისათვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა, დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ის, რასაც ტელეარხები ცენზურად მიიჩნევენ, სინამდვილეში ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბების ქმედებაა.
„კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს მიიღებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება, მაგალითად, ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“, ოპოზიციას ასევე შეუძლია კომისიას საჩივრით მიმართოს.
„ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრონ ცენზურაზე, რაც ჩვეულებრივი ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის განვითარებაში - თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით არღვევენ ობიექტურობის სტანდარტებს, მათაც უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მედიასაშუალებებს ახალ რეგულაციებს, მოთხოვნებს და სტანდარტებს უწესებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით გადმოსცენ ახალი ამბები, მიუთითონ ინფორმაციის წყარო და უმოკლეს ვადებში გამოასწორონ შეცდომები.
გარდა ამისა, მედიასაშუალებებს მოეთხოვებათ ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა, ხოლო პარტიის წევრებს აეკრძალებათ საინფორმაციო გამოშვებების წაყვანა, ასევე ჟურნალისტად მუშაობა.
მედიას ასევე მოეთხოვება ბალანსის დაცვა პოლიტიკური თუ სხვა სახის დავის გაშუქებისას, ასევე მათ აეკრძალებათ მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.