თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აშშ-ის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების განხილვა ჩემი პირადი შანტაჟის ფონზე არასწორია, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
დღეს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ გზავნილი უნდა მოესმინა. საელჩოს ინფორმაციით, დანიგანმა ივანიშვილთან შეხვედრა 22 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თხოვნით ითხოვა.
„ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია", - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილმა დაადასტურა, რომ საელჩო შეხვედრის თაობაზე რამდენიმე დღის წინ მართლაც დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სხვა თანამდებობის პირებს.
„აშშ-ის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ალტერნატივის სახით ელჩს შესთავაზეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რაზეც მან უარი განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას", - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ გუნდისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობის გარეშე არცერთ გადაწყვეტილებას არ იღებს.
„აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი", - აღნიშნა ივანიშვილმა.
საიდუმლო გამჟღავნდა
თავის განცხადებაში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის პირად ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ აყენებს და გასულ შემოდგომაზე თავად შესთავაზა აშშ-ის ელჩს შეხვედრა, რაზეც დანიგანმა უარი თქვა.
„იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ წინადადებაზე პასუხი არ მიუღია.
დასავლეთი ივანიშვილის წინააღმდეგ
ზოგიერთი ადგილობრივი ოპონენტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკის „რუხ კარდინალს“ უწოდებს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ივანიშვილი პოლიტიკიდან ორჯერ წავიდა და უკან დაბრუნდა. ეს შედეგები მმართველი პარტიის რეიტინგის კლებას და პარტიის შიდა კრიზისს დაემთხვა.
2023 წლიდან იგი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, რაც მას საშუალებას აძლევს, გამოვიდეს „ჩრდილიდან“ და ღიად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ თანამდებობებზე კანდიდატურების დამტკიცებასა და პარტიული დღის წესრიგის ფორმირებაში. დასავლეთმა ივანიშვილის კრიტიკას ოფიციალურად არ უპასუხა, თუმცა ქართველმა მილიარდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები დაწესდა.
ამის მაგალითი იყო შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში არსებულ ანგარიშებთან დაკავშირებული სკანდალი. ბანკმა და მისმა შვილობილმა კომპანიებმა, ახსნა-განმარტების გარეშე, უარი განაცხადეს მისი ანგარიშებიდან ფინანსური ტრანზაქციების დამტკიცებაზე, რითაც ფაქტობრივად ხელი შეუშალეს ივანიშვილს თავისი ფინანსური რესურსების მართვაში.
მილიარდერმა მასშტაბური სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც მოიგო. 2023 წელს ბანკი ბანკროტად გამოცხადდა და გაიყიდა, თუმცა ივანიშვილმა თანხები მაინც ვერ მიიღო. ოფიციალურ განცხადებებში იგი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ მიზეზი გახდა უარი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს ჩართვაზე და ქვეყანაში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისი ძალადობრივი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა, რამაც დარბევა და დაპატიმრებები გამოიწვია. დასავლეთმა საპასუხოდ, ძალადობასთან კავშირში მყოფი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. პირველი რეაგირება უკრაინამ მოახდინა, შემდეგ აშშ-მ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. პირველმა ორმა ფინანსური შეზღუდვები შემოიღო, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები ქვეყანაში შესვლის აკრძალვით შემოიფარგლნენ.