თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თბილისის ისტორიულ რაიონში სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი 5 მილიონი ლარი დაჯდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ქუჩების რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ორ ეტაპად განახორციელებს - სამუშაოები მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.
საერთო ჯამში, სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 115 მლნ ლარი დაიხარჯება.
„პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოტურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. ამ ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5 მლნ-მდე ლარი“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, მერის თქმით, დაგეგმილია აღნიშნულ ქუჩებზე არსებული 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია- რესტავრაცია. მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს.
„რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას, ასევე, გადახურვის შეცვლას გულისხმობს“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა, გამარჯვებული კომპანიის შესახებ კი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.