თავდაცვის მინისტრი: ეს დღე არის სახელმწიფოს თავისუფლების სიმბოლო

Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე სამხედრო აღლუმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და კიდევ ხუთ ლოკაციაზე გაიმართა.
„მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს, ეს დღე არის სახელმწიფოს თავისუფლების, სუვერენიტეტისათვის ბრძოლის სიმბოლო", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ახალწვეულებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამხედრო ფიცი დადეს.
„ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ღირსეულად და ამაყად ატარებენ ჯარისკაცის სახელს. მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.