კობახიძე: ჩვენი ვალია თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძებაზე მოსახლეობას მიმართა.
Sputnik
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის, –განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს აღნიშნავს. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და კიდევ ხუთ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა - ვეჯინის სამონასტრო კომპლექსის, ნოქალაქევის, გეგუთის, სამთავისის, ელიას მთის ტერიტორია.
„წლების განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ ოთხი ომი, საქართველოს სუვერენიტეტის ცხრაწლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის”, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ისტორია სამ ათასწლეულს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა – 23 საუკუნეს ითვლის.
„ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების გზაგასაყარზე. შესაბამისად, საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. თუმცა, ქართველებს ყოველთვის გვქონდა რწმენა, რომ ვიყავით განსაკუთრებული, ღვთისმშობლის წილხვედრი ერი და სწორედ ამ რწმენამ მოგვცა იმის ძალა, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად, დღემდე მოგვეტანა ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა”, -განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობით. ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35-წლიანი ისტორიაც.
„თითოეული ჩვენგანის ვალია, თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.