26 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დედაქალაქში შეზღუდვები სრულად 27 მაისს მოიხსნება.
Sputnik
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
უწყების ცნობით, გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველ ეტაპზე თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირს შეეხება - ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
კერძოდ, 21 მაისს 20:00 საათიდან 24:00 საათამდე და 23 მაისს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება თავისუფლების მოედანი, გ. ლეონიძის შესახვევი, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩები (გრიგოლ აბაშიძის შესახვევიდან).
24 მაისს 20:00 საათიდან შეიზღუდება რუსთაველის გამზირი გ. ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით - გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნ. ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და გ. ჭანტურიას ქუჩამდე.
24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს. სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით. ხოლო, მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით.
ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.
26 მაისს დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე. გადაადგილება შესაძლებელი იქნება - რევაზ თაბუკაშვილის, ნიკო სულხანიშვილის, მტკვრის, ვახტანგ ორბელიანისა და გოგჩის ქუჩებზე.
ამ პერიოდში, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე. ასევე, მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება, ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან.
მტკვრის ორივე სანაპიროდან ავტომობილები თავისუფლების მოედნისკენ შეძლებენ გადაადგილებას პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ხოლო, რუსთაველის გამზირზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გ. ჭანტურიას ქუჩამდე.
ასევე, მოძრაობა შეიზღუდება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზე.
გარდა ამისა, მელიქიშვილის ქუჩისა და მთაწმინდის რაიონის მიმართულებით, გადაადგილება თავისუფალი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ “რუსთაველთან” მისვლა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც:
მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი, იმოძრავებს მერაბ კოსტავას და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. შემდეგ კი, მოძრაობა დადგენილი სქემით განხორციელდება.
უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი მარშრუტები, ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით და მარჯვენა მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით კოსტავას ქუჩაზე მოხვდებიან. ამის შემდგომ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ავტობუსები: N316, N324, N364,N 380, N382, N383, N399 სვლას დაასრულებენ ამაღლების ქუჩა N11-თან, უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებენ.